Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: მე მაძლიერებს ის, რაც ახლა ხდება


„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან: თქვენ უბრალოდ მე არ მიცნობთ, ეტყობა, კარგად“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მასთან დაკავშირებული ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს.

მისი განმარტებით, ეს არის „ოჯახური საიდუმლოებისა და სივრცის“ ამსახველი უკანონო ჩანაწერი, რომლის შინაარსთან დაკავშირებით „ასახსნელი არაფერია“, უბრალოდ „ფორმაა ამაზრზენი“.

„ასეთ მდაბიო, ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უფრო დაბლა, ვიდრე არის ჭაობი. ეს ყველაფერი, ახლა რაც ხდება, მე შინაგანად უფრო მამყარებს, უფრო მაძლიერებს და უფრო მეტად განმაწყობს ამ პროცესში, რომ დასრულდეს ეს უბედურება (უბედურება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მეთოდებს იყენებს). მე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან, რადგან ჩვენ ეს აქამდე ვერ მოვახერხეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, თავად მან და ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ფარული ჩანაწერების გავრცელება, ყველაფერი უნდა გააკეთონ ასეთი „მორალური ტერორისგან“ სხვა ადამიანების დასაცავად

"ამ საქმის გამოუძიებლობა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის... უნდა გამოაშკარავდნენ არა მხოლოდ გამავრცელებლები, არამედ ამ ყველაფრის უკან მდგომებიც. მე ამას ველოდები და ამის შემდეგ გავაკეთებ შეფასებებს, როგორ იმუშავა გამოძიებამ", - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ის არაფერს ამტკიცებს და არავის არაფერს აბრალებს, მაგრამ ეს ჩანაწერი, სხვა მასალებთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეში დევს და მისი გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა მოსამართლეთა იმ ჯგუფთან დაპირისპირებას, რომელსაც სურს - "სასამართლოს დამოუკიდებლობა საკუთარ, კორპორატიულ ინტერესად" აქციოს.

XS
SM
MD
LG