Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურა თავიდან გამოიძიებს დიატლოვის ჯგუფის დაღუპვის საქმეს


დიატლოვის ჯგუფის კარავი
დიატლოვის ჯგუფის კარავი

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ხელახლა დაიწყო 9 ახალგაზრდა მთამსვლელის დაღუპვის საქმის გამოძიება, მომხდარიდან 60 წლის შემდეგ.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენოიმ 1 თებერვალს განაცხადა, რომ გამომძიებლები, რომლებიც ყბადაღებული დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლოს შეისწავლიან, იმედოვნებენ, რომ დაადგენენ სიმართლეს მთამსვლელების სიკვდილის გამომწვევ მიზეზზე.

მიუხედავად დაახლოებით 75 თეორიისა, პროკურატურის გამოძიებლები ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევენ ორ ვერსიას - ზვავს და ძლიერ შტორმს.

მთამსვლელები 1959 წლის 1-2 თებერვალს დაიღუპნენ, ურალის მთებში მდებარე ერთ-ერთ უღელტეხილზე, რომელსაც მოგვიანებით დიატლოვის სახელი ეწოდა, ჯგუფის ხელმძღვანელის იგორ დიატლოვის გამო. ინფორმაცია ექსპედიციის დაღუპვის შესახებ საბჭოთა კავშირში გასაიდუმლოებული იყო 1970 წლამდე.

თავის დროზე საბჭოთა გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საბედისწერო ღამეს მთამსვლელები - ორი ქალი და შვიდი კაცი, რაღაც „გამოუცნობმა და იდუმალმა ძალამ“ აიძულა მიეტოვებინათ კარვები და, ძლიერი ყინვის მიუხედავად, თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე გაქცეულიყვნენ ბანაკიდან.

გამომძიებლების ასეთმა დასკვნამ წარმოშვა უამრავი ვერსია და კონსპირაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცირკულირებს რუსეთში. მათ შორის მთამსვლელების სიკვდილს მიაწერდნენ ცხოველების თავდასხმას, ინფრაბგერით პანიკას და ასევე გასაიდუმლოებულ სამხედრო ცდებს.

69 წლის წინ სიკვდილის გადაურჩა ექსპედიციის მეათე წევრი, იური იუდინი, რომელიც ავად გახდა და 28 იანვარს უკან დაბრუნდა. იგი 2013 წელს გარდაიცვალა, 75 წლის ასაკში.

პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენოიმ 1 თებერვალს განაცხადა, რომ გამომძიებლებისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი მარტში გაემგზავრება დიატლოვის უღელტეხილაზე, რათა ადგილზე შეისწავლოს მთამსვლელთა ბანაკის ზუსტი ადგილმდებარეობა, თოვლის სისქე, მთის ქიმის დახრილობა და სხვა მონაცემები.

XS
SM
MD
LG