Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბატიაშვილი: უქმდება არა ერთიანი ეროვნული, არამედ სკოლის ცენტრალიზებული გამოცდები


საქართველოს განათლების სამინისტრომ გამართა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია. მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, კომპლექსური რეფორმის მიზანია სკოლის როლის გაძლიერება და უნივერსიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება.

მინისტრის განმარტებით, უქმდება არა ერთიანი ეროვნული, არამედ სკოლის ცენტრალიზებული გამოცდები. „ჩვენი მიზანია სკოლების გაძლიერება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდეს“ - თქვა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრმა მნიშვნელოვანი პრობლემა უწოდა იმას, რომ ბოლო კლასების მოსწავლეები სკოლაში ცოდნის მიღების ნაცვლად მხოლოდ რეპეტიტორებთან დადიან.

„ამიტომ, ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება და არა გამოცდებზე ორიენტაცია. ეროვნული გამოცდების რეფორმირება ხდება მხოლოდ მომავალ წელს. წელს ისე დარჩება, როგორც არის და მისი ოპტიმიზაცია მიმართულია იქით, რომ უფრო მაღალი შედეგები მივიღოთ. ამაში იგულისხმება ის, რომ გამოცდების დაახლოება მაქსიმალურად სასკოლო პროგრამასთან მოხდება. ასევე, მოსწავლეების უფრო ლოგიკურად გადანაწილება მოხდება იმის მიხედვით, ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებს სწავლას თუ ტექნიკური” - ამბობს განათლების მინისტრი.

მიხეილ ბატიაშვილმა მიზნად დაასახელა შესაძლო კორუფციული რისკებისგან დაცვაც და თქვა, რომ ამ როლს ეროვნული გამოცდები შეასრულებს. „რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება უნივერსიტეტის ავტონომია. ანუ ის თუ გადაწყვეტს, რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად, კიდევ ერთ საგანში გამოცდის დამატება არის მნიშვნელოვანი, ამასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ” - განაცხადა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG