უნგრეთი აცხადებს, რომ ოჯახებს ფინანსურად წაახალისებს ქვეყანაში შობადობის გაზრდის მიზნით. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგადასახადო და სესხებთან დაკავშირებულ შეღავათებს შესთავაზებს მინიმუმ ორშვილიან ოჯახებს, რათა მათ სახლების ყიდვაში დაეხმაროს, ასევე შესთავაზებს მანქანის ყიდვის სუბსიდირებას და საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებს ქალებს, რომლებიც ზრდიან ოთხ ან მეტ ბავშვს.
"ევროპაში სულ უფრო ნაკლები ბავშვი ჩნდება. დასავლეთი [ამ გამოწვევას] იმიგრაციით პასუხობს. ნებისმიერ არგაჩენილ ბავშვზე ერთი უნდა შემოვიდეს და ასე გასწორდება რიცხვები" - განაცხადა ორბანმა, რომელიც მწვავე კრიტიკოსია ევროპაში იმიგრაციისა ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, თავის ყოველწლიურ გამოსვლაში. "მაგრამ ჩვენ რიცხვები არ გვჭირდება. ჩვენ უნგრელი ბავშვები გვჭირდება" - დასძინა მან. ამ განცხადების ფონია ორბანის პარტია ფიდესისთვის მოახლოებული ევროპული და ადგილობრივი არჩევნები.
ორბანის მმართველობის წინააღმდეგ უნგრეთში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, კრიტიკოსები პოპულისტ ორბანს ადანაშაულებენ უნგრეთში დემოკრატიის დასუსტებაში და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობაში. მას აგრეთვე აკრიტიკებენ ახლო კავშირების გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.