ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 12 თებერვალს, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან“ სარწყავ არხში ტრაქტორის მძღოლმა აღმოაჩინა 2008 წლის ომის შემდეგ დარჩენილი საარტილერიო ჭურვები.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს და გამნაღმველებს არხში დახვდათ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „გრადის“ 122-მილიმეტრიანი 15 ჭურვი და სავარაუდოდ, თვითმავალი საარტილერიო დანადგარის 152-მილიმეტრიანი 17 ჭურვი, რომლებსაც გამნაღმველები ააფეთქებენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭურვების აღმოჩენის ადგილს არ ასახელებს, თუმცა, ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილად მიუთითა სოფელი ერედვი.
ამ ოკუპირებული სოფლიდან 4-5 კილომეტრში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლის, დიცის მცხოვრებმა გელა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ერედვში ნაპოვნი ჭურვების აფეთქების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის, თუმცა, მეორე დღეა ოკუპირებული ტერიტორიიდან ისმის სროლის და აფეთქებების ხმა. იქ ამჟამად საოკუპაციო ძალების სამხედრო სწავლება მიმდინარეობს.