Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია უარყოფს ხაზარაძესთან წილების დათმობაზე საუბარს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მამუკა ხაზარაძესთან ჰქონდა საუბარი წილების დათმობის შესახებ.

„არ მქონია. ეს ერთი, და მეორე - ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც მე ვერანაირ კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ მნიშვნელობა ყველაზე კარგად საქართველოს ეროვნულ ბანკს ესმის

„თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ "თიბისი ბანკი" არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან" - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე და ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.

თავის მხრივ, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ გააგრძელებს სამართლებრივ დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

XS
SM
MD
LG