საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ ჰყავს.
გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკი ივანიშვილის და მთავრობის დიქტატის ქვეშაა და გახარიას დავალებებს ასრულებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგნენ, რადგან მათ არ შეუძლიათ ქვეყნის ფინანსური სისტემის მართვა.
რომან გოცირიძის თქმით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ უნდა იყოს განხილული მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური კონტექსტით, რადგან მას აქვს სერიოზული პოლიტიკური მახასიათებელი. გოცირიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ „თიბისი“ ახორციელებს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ანაკლიაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე და ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.
თავის მხრივ, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ გააგრძელებს სამართლებრივ დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.