მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენებში პოლიტიკური რევანშის მცდელობას ხედავს „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები ნაკარნახევია პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით. ამ მოტივებით,11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების თაობაზე ხელახლა დაწყებული გამოძიება რამდენადაა სამართლებრივად დასაბუთებული, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას თუ საბანკო პრაქტიკას, ამ თემაზე ველოდები გაცილებით კომპეტენტური და საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების შეფასებებს და კომენტარებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც მან 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესები ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აზარალებს.
„საბანკო, ფინანსურ სფეროში ამ მასშტაბის მოთამაშის მიმართ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების თემატიკაა. სწორედ ასეთი საკითხების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებზე უნდა მსჯელობდნენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის სტაბილურობაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
"შენების მოძრაობის" ლიდერი მიმართავს ეროვნულ ბანკს გამოაქვეყნოს ბანკის წინა შემოწმების დასკვნები და მასალები.
დავით უსუფაშვილი მიმართავს პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, რომ ბანკთან დაკავშირებული თემების განხილვისას მთავარი მიზანი ჭეშმარიტების გარკვევა იყოს, „რათა არ შეიქმნას პანიკა მთავარ ბანკთან დაკავშირებით".
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.