გერმანიის ქალაქი მიუნხენი მასპინძლობს 55-ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი შეკრებაა მსოფლიოში. წელს მთავარ თემებად სახელდება მზარდი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ვითარება სირიაში.
მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერის აზრით, წლევანდელი კონფერენცია ისტორიაში „უმნიშვნელოვანესი და უდიდესი“ იქნება.
მასში მონაწილეობენ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, გავლენიანი ექსპერტები და აქტივისტები. საქართველოს დელეგაციაში შედიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დავით ზალკალიანი და ლევან იზორია.
აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. რუსეთის წარმომადგენლების ცნობით, არ არის დაგეგმილი ოფიციალური კონტაქტები ამერიკელ ოფიციალურ პირებთან.