გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინი კვლავაც ემხრობა რუსეთის მიმართ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამო.
ამასთან მერკელმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სწორი არ იქნებოდა მოსკოვთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაწყვეტა. კერძოდ, მერკელმა „პოლიტიკურად არასწორი“ უწოდა მოწოდებას, შეუწყდეს რუსეთს წვდომა გაზის ევროპულ ბაზარზე. მისი აზრით, ევროკავშირისათვის მომგებიანი არ იქნებოდა, თუ რუსეთი თავისი კონტაქტებით მთლიანად გადაეწყობა ჩინეთზე.
კანცლერმა კონფერენციის მონაწილეებს შეახსენა, რომ ცივი ომის წლებშიც კი ევროპა საბჭოთა კავშირიდან იღებდა გაზს. მისი აზრით, საჭიროა გაგრძელდეს უკრაინაზე ტრანზიტით გაზის იმპორტი და უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპას ეს გაზიც რუსეთიდან მიეწოდება.
მერკელის გამოსვლის ეს ნაწილი, თავისი არსით, იყო პოლემიკა აშშ-ის პოზიციასთან. ვაშინგტონი ხშირად აკრიტიკებს რუსეთსა და გერმანიას შორის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენელობას.
თავის მხრივ, მერკელმა აშშ გააკრიტიკა პროტექციონისტული ეკონომიკური ზომებისათვის, როცა აღნიშნა, რომ გერმანიის ავტომანქანები არ უქმნის საფრთხეს ამერიკულ ბაზრებს.
თავისი გამოსვლისას, კანცლერმა ისაუბრა ნატოს მნიშვნელობაზეც. მისი აზრით, თანამედროვე მსოფლიოს სჭირდება ასეთი თავდაცვითი კავშირები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.