2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
"2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას. დღეს ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს არის აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმართული საფრთხე. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ეს საფრთხე ემუქრება მთელს ევროატლანტიკურ სამყაროს. ეს დიდი საშიშროებაა. ჩემი პოზიცია ასეთია - ვიდრე არ გვექნება ხელშესახები და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ის მდგრადი ვერც ევროპაში იქნება ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ „ქართველი ერი გამძლე ერია“.
„ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. ბოლოდროინდელი სოციალური აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.