დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი საქართველოს საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს, – განაცხადა პარიზში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით განვითარდება:
„რამდენიმე ძირითადი მიმართულება იქნება, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება და ვაჭრობა, კულტურა, ხალხთა შორის ურთიერთობები. ყველა ძირითადი მიმართულება ორმხრივი თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია და ასევე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგანაც საფრანგეთის ჩართულობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.