Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობამ "თიბისის" დამფუძნებელს კომიტეტის სხდომაზე დასწრება შესთავაზა


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის და ოპოზციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, დაესწროს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ.

„26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკურის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მობრძანდება. ჩვენ ვთავაზობთ ‘’თიბისი ბანკის’’ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მოვიდეს ამ სხდომაზე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად კომიტეტის ფორმატში ღიად და საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით და საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებასა და მომავალზე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ

მისი თქმით, პარლამენტი ვალდებულია ჩაერთოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი საკითხის განხილვაში და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება იმ ბანკთან მიმართებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ანაბრები, სახელფასო ანგარიშები და ზოგადად, ფინანსური სტაბულურობა.

26 თებერვალს, 12 საათზე დანიშნულია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უნდა წარმოადგინოს მოხსენება, ჭარბვალიანობის შესამცირებლად ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალ წესებზე და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე.

14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს არალეგალური შემოსავლების ლეგალიზების მუხლით უკვე თვეებია იძიებს საქართველოს პროკურატურა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG