Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" სიმყარეში ეჭვი არ შეაქვს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, უმრავლესობიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატის წასვლის შემთხვევაშიც, გუნდი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

„მთავარია, რომ გუნდი არის ერთიანი. „ქართული ოცნების“ გუნდი, მათ შორის საპარლამენტო გუნდი არის ერთიანი, არის მყარი, არის სტაბილური და ასე გაგრძელდება მუშაობა“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა 25 თებერვალს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობას სავარაუდოდ, დატოვებენ. ამ 7 წევრიანი ფრაქციიდან და უმრავლესობიდან გასულ კვირაში გავიდა ბექა ნაცვლიშვილი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არ გაიზიარა მისი საკანონმდებლო ინიციატივა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეცვლის შესახებ.

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. მათ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უმრავლესობის წევრთა უმეტესობის უარი პარლამენტს მიეღო კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG