Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს აბსოლუტური რეიტინგის ლიდერი გახდა


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 22-24 თებერვალს გამართული დიუსელდორფის გრან სლემის შედეგების გათვალისწინებით მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და ქართველი ძიუდოისტები ისევ მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მამაკაცებს შორის, შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ლიდერობენ საქართველოს ნაკრების წევრები. 66 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში ვაჟა მარგველაშვილი უდგას, 100 კილოგრამს - ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100-ს - გურამ თუშიშვილი.

ტრადიციულად, გამოქვეყნდა აბსოლუტური რეიტინგსიაც, რომელიც ყველა წონას აერთიანებს. პირველ-მეორე ადგილებზე იქაც ქართველები დგანან, ოღონდ თუ წინა რეიტინგის მიხედვით ლიდერი ლიპარტელიანი იყო და თუშიშვილი მეორე ადგილს იკავებდა, ამჯერად მათ ადგილები გაცვალეს.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, 24 წლის გურამ თუშიშვილს 2019 წელს არც ერთ ტურნირში არ მიუღია მონაწილეობა და წინა ორ სეზონში დაგროვილი ქულებიც ჰყოფნის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად.

საუკეთესოთა რეიტინგის მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრია. ვაჟა მარგველაშვილი მეშვიდე ნომერია, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) - მეათე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG