„თიბისი“ ბანკი ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო გიორგი ქადაგიძე. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვექნება მასთან კითხვები“, - აცხადებს „თიბისი“ ბანკის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი:
„გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პერიოდში ზემოხსენებულ სამსახურს შემოწმებული აქვს „თიბისი ბანკი“ და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა შეკითხვები იქნება გამოკითხვის მსვლელობისას, ამას ვერ მოგახსენებთ," - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ქადაგიძის გამოკითხვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
საქართველოს გენერალური პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით, ნახევარ წელზე მეტია იძიებს "თიბისი ბანკის" 11 წლის წინანდელ ოპერაციას. სწორედ იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა ეროვნულ ბანკს გიორგი ქადაგიძე.
მისი გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მარტს, 16 საათზე დაიწყო.
გამოკითხვაზე შესვლამდე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ მას „ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს პროკურატურას“.
"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 2008 წლის ტრანზაქცია, რომლის გამოც გამოძიება მიმდინარეობს, თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა და რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა ბანკმა ამავე ტრანზაქციაში დაინახა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა და აქციონერთა კრებას მიმართა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაეწვია საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.