ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში გაიმართება კენჭისყრა ბრექსიტზე ევროკავშირთან შეთანხმების შესახებ.
პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თუ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ შეთანხმებას, საქმე შესაძლოა საერთოდ არ მივიდეს ბრექსიტამდე. მან მოუწოდა ყველას, ვინც საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგის შესრულებას, მხარი დაუჭიროს შეთანხმების პროექტს.
ორშაბათ-სამშაბათის ღამეს, სტრასბურგში ევროკავშირის ლიდერებისა და ტერეზა მეის მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს ცვლილებებს ბრექსიტის შესახებ შეთანხმებაში.
მაგრამ დიდი ბრიტანეთის გენერალური პროკურორის ჯეფრი კოკსის შეფასებით, არც ამ ცვლილებებით არის გარანტირებული, რომ ბრიტანეთი ცალმხრივი წესით შეძლებს უარის თქმას „ბექსტოპად“ წოდებულ მექანიზმზე, რომელსაც შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს.
„ბექსტოპი“ ნიშნავს, რომ სანამ ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ შეთანხმდებიან ირლანდიის საზღართან დაკავშირებულ რეჟიმზე, ბრიტანეთმა კვლავინდებურად უნდა დაიცვას ევროკავშირის საბაჟო და სხვა წესები.
პირველ რიგში, სწორედ „ბექსტოპი“ იწვევს უკმაყოფილებას ბრექსიტის მომხრეებში. წინასწარი ინფორმაციით, ისინი არც დღეს მიემხრობიან ტერეზა მეის გეგმას. იმის გათვალისწინებით, რომ გეგმას ასევე ეწინააღმდეგებიან ლეიბორისტები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები, ვარაუდობენ, რომ ტერეზა მეი ვერ მიიღებს საკმარის ხმებს ევროკავშირთან შეთანხმებული დოკუმენტის დასამტკიცებლად.