Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი მწვავედ აკრიტიკებს უმრავლესობის კანონპროექტს სასამართლოს შესახებ


კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრი არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

კოალიციის პოზიციაა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ობიექტურ პროცესს მხოლოდ იმ შემთხვევაში უზრუნველყოფს, თუ თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი და პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, ვინც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებული კანონპროექტი პოლიტიკური პასუხია იმ პროტესტზე, რომელიც საზოგადოებამ გამოხატა 2018 წლის დეკემბერში.

„თქვენ ეხლა ამბობთ, რომ იმიტომ კი არ იყო ხალხი გაბრაზებული დეკემბერში, რომ დაინახეს რეალური სახე კლანის და სასამართლოსი. იმიტომ იყო, რომ თურმე, კანონში არ ეწერა ფარდობითი კენჭისყრა და მოდით, ეხლა ჩავუწეროთ გრძელი სია, მოკლე სია, ან საშუალო სია საბჭოს და ყველაფერი კარგად იქნება 2019 წელს,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილავენ უმრავლესობის წევრთა მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

სოფო ვერძეულის თქმით, რეალობა ის არის, რომ იუსტიციის საბჭოში არიან წევრები, რომლებიც ნებისმიერ კანონს საკუთარ ინტერესებს მოარგებენ და სასამართლოში არსებული კლანის მთელი ძალაუფლება დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრზე. ვერძეულის შეფასებით, მთავარი პრობლემაა სწორედ საბჭოს წევრთა შემადგენლობის ეს ორი-მესამედი, რომლის შეცვლაზეც უმრავლესობა უარს ამბობს.

„თუ თვალს არ გაუსწორებთ, რომ 11 ხმა ამ კლანს საბჭოში აქვს, მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე ამ ქვეყანაში. ეს ჯგუფი აკონტროლებს პირველ და მეორე ინსტანციას, მაგრამ ჯერ ვერ აკონტროლებს უზენაეს სასამართლოს და იქნებ მოვახერხოთ და ეს ინსტანცია მაინც გამოვგლიჯოთ ხელიდან“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

"იმდენს ნუ ვიზამთ, რომ ვთქვათ, დეკემბერში რა საკანონმდებლო ჩარჩოც იყო, იქ უფრო მეტი შანსი იყო ვინმე გამძვრალიყო. გამოცდა მაინც არ ეწერა და ფარდობითი კენჭისყრა მაინც არ ეწერა. ამიტომ ჩემი აზრით, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა, რომ ეს კანონი დაწერო, ან ძალიან არ უნდა გესმოდეს კონტექსტი. თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი გაწყობთ," - მიმართა სოფო ვერძეულმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

XS
SM
MD
LG