ეს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების, „ტასის“ და „რია ნოვოსტის“ ცნობით, დღეს, 12 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს უთხრა აშხაბადში, სადაც თან ახლავს ვლადიმირ პუტინს.
„რასაც ამერიკელები ევროპელებთან და უკრაინელებთან ათანხმებენ, ჩვენც უნდა გვაჩვენონ. ამერიკული პროექტების კორექტირებული ვერსია არ გვნახავს. როცა ვნახავთ, შესაძლოა, ბევრი რამ არ მოგვეწონოს“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ.
იური უშაკოვი მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტთან აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის შეხვედრაში, რომელიც 2 დეკემბერს, კრემლში გაიმართა.
ამის შემდეგ, 4-6 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი მაიამიში შეხვდნენ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივან უმეროვს და გენშტაბის უფროს ჰნატოვს. ამ შეხვედრაზე უკრაინული მხარისთვის გადაცემულ წინადადებებზე კიევმა ვაშინგტონს თავისი ვერსია ამ კვირაში გაუგზავნა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის ორივე მხარით იმედგაცრუებულია, მას აღარ სურს საუბრები და მხოლოდ მოქმედება და ომის დასრულება უნდა.
იმავე დღეს თავად პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გარდა „მის ხალხს შეთანხმების პროექტი მოსწონს". გაურკვეველი დარჩა, რას ეფუძნება აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება.
უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის დონბასზე უკრაინის უარს, გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შედეგად.
კიევში 11 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ორი ყველაზე საკვანძო, სადავო საკითხია დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი.
უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა აშშ-ის „კომპრომისულ ხედვაზეც“, რომლის თანახმად, უკრაინის ჯარები ტოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს, მაგრამ მათი გასვლის შემდეგ იქ არ შედიან რუსეთის ჯარები და იქმნება „თავისუფალი ეკონომიკური“, თუ „დემილიტარიზებული ზონა". თუმცა, ვინ უნდა მართოს ეს ტერიტორია, გაურკვეველია.
ფორუმი