არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისი“-მ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს დასმული შეკითხვის პასუხად.
სოციალური ქსელის მომხმარებელს აინტერესებდა „მაშინ, როცა მთავრობა თავს იწონებს უსაფრთხო ბიზნესგარემოთი, რატომ მოხდა „თიბისი ბანკზე“ შეტევა და რატომ ჭიანურდება ანაკლიის პროექტის განხორციელება“.
„არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისი“-ს გარშემო არ არსებობს. „თიბისი“-მ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება „თიბისი“-ს სახელთან ამ ყველაფრის.
„თიბისი ბანკი“ არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეკონომიკაში. მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ ნუ ახდენთ ამ საქმეების ერთმანეთთან გადაჯაჭვას, ეს არ შეესაბამება რეალობას და ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია, შესაბამისი არასწორი სახელის დარქმევით. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილზე ამ საქმის ბანკის საქმეზე ხელოვნურად მიერთებამ რაღაცა გავლენა იქონია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას კი დასძინა, რომ საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას აუცილებლად ექნება ის.
„სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტისადმი.“
მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია.