Accessibility links

site logo site logo

კოსოვოში მოხსნეს მინისტრის მოადგილე გენოციდში ნატოს დადანაშაულებისათვის


კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაი

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ თანამდებობიდან მოხსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ეთნიკურად სერბი ვესნა მიკიჩი მას შემდეგ, რაც მან „დაგეგმილი გენოციდი“ უწოდა ნატოს მიერ 1999 წელს მაშინდელი იუგოსლავიის დამბობვას.

ჰარადინაიმ 25 მარტს დაითხოვა მიკიჩი. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობასა და სხვა ინსტიტუტებში „არ არის ადგილი“ ადამიანებისათვის, რომლებიც აკნინებენ ევრო-ატლანტიკურ ფასეულობებს.

24 მარტს შესრულდა 20 წელი ნატოს 78-დღიანი საჰაერო კამპანიის დაწყებიდან. იმავე დღეს მიკიჩმა ფიესბუკში დაწერა, რომ ნატოს კამპანია იყო „განზრახ დაგეგმილი გენოციდი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ებრძოდა ალბანურ ტერორიზმს საკუთარ საზღვრებში“.

ჰარადინაიმ „მიუღებელი“ უწოდა ამ შეფასებას, რომელიც, მისი აზრით, „სიძულვილის ენას“ უტოლდება.

უფლებადამცველების მონაცემებით, ნატოს ავიადარტყმებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კამპანიის მიზანი იყო, ბოლო მოღებოდა ბელგრადის რეპრესიებს კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების მიმართ.

კოსოვომ, რომელიც ძირითადად ეთნიკური ალბანელებით არის დასახლებული, 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისაგან დამოუკიდებლობა. ბელგრადი მას არ აღიარებს. ეთნიკური სერბები შეადგენენ კოსოვოს 1,8-მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 5%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG