2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა, თუმცა „საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ („დაეში“) და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ“, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში იბრძოდა საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე და საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე პირი დაიღუპა.
„2018 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად. გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სამსახური განაგრძობს მუშაობას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, - წერია სუსის 2018 წლის ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საქართველოში მცხოვრებ შესაძლო მხარდამჭერთა „რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა“; თუმცა სუსი კვლავაც „განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას“ და ამ მიმართულებით 2018 წელს რამდენიმე პირი გამოვლინდა.
„საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები“, - წერია სუსის ანგარიშში.
ტერორისტულ საფრთხეების კონტექსტში ანგარიში საგანგებოდ მოიხსენიებს რუსეთის ფედერაციასაც.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება. რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება“, - წერია სუსის ანგარიშში.
ტექსტის თანახმად, „მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული“ ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ.
სუსი აღნიშნავს, რომ „ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს“ და შესაბამისად, უწყება მიზანმიმართულ პროვოკაციად განიხილავს „ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ“.