Accessibility links

site logo site logo

შსს - გამოვლენილია  იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა


შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა,- იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებულია აღნიშნული სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების შემოტანა გადაწყვიტა.

განზრახვის განსახორციელებლად ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადამზიდავი კომპანია შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.ი. თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის 7 კომპლექტი არის „გლოკი 19“-ის მოდელის პისტოლეტის, 9 კომპლექტი კი - „გლოკი 17 გან-4“-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები,“- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე განცხადებით, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია „გლოკის“ 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი.

გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG