საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არასერიოზული უწოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში აფინანსებდა 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას.
„ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან, სადაც პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან 30-ე წლისთავის გამო 8 აპრილს გამოაქვეყნა, მამუკა ბახტაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვაქვს სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
„ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი წერილში არის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურს, რომ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწფო“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილზე ოპოზიციის მწვავე კრიტიკის შესახებ ჟურნალისტებმა აზრი ჰკითხეს თბილისის მერსაც. კახა კალაძის თქმით, ოპონენტებს წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ, რადგან მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია.
„როგორ წარმოუდგენიათ, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ და ეხლა არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში“ - განაცხადა კალაძემ. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილში ძალიან სწორი ანალიზია და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მომეწონა ეს არის კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ რომელიც დღეს გვაქვს - ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს და განვითარდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“ - თქვა თბილისის მერმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ღია წერილი მწვავედ გააკრიტიკეს "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა.