საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა დაიწყო ეროვნული კამპანია პარიზის ნოტრ-დამის აღსადგენად საჭირო თანხების შესაგროვებლად.
ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში გადარიცხავს სულ მცირე 100 მილიონ ევროს. პინო კომპანია Kering-ის აღმასრულებელი დირექტორია. ეს კომპანია „გუჩი“-ს, „ივ სენ ლორან“-ის და სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელია.
პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოს, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400 მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.
პარიზის ნოტრ-დამის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 1345 წლამდე გაგრძელდა. მას მსოფლიოში სახელი გაუთქვა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა.
ყოველწლიურად ნოტრ-დამს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტაძარში დაცულია ქრისტიანების ერთ-ერთი მთავარი რელიკვია, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ხანძარს გადაურჩა.