ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, მოლაპარაკება გრძელდება.
ჯგუფის ხელმძღვანელის, ვალერი ქადაგიშვილის განცხადებით, შეთანხმება შედგა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსა და თეთრად შეღებვის ნაცვლად თეთრი ფირის გადაკვრაზე და მოლაპარაკება გრძელდება მერიის მიერ დადგენილი ახალი წესების ამოქმედების გადავადებაზე.
ქადაგიშვილის ინფორმაციით, 18 აპრილს გამართავენ საინფორმაციო აქციას, რომელზეც მძღოლებს გააცნობენ თბილისის მერიასთან მოლაპარაკების დეტალებს და სამოქმედო გეგმას.
ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფი პარტიებს მოუწოდებს, პოლიტიკურ განცხადებებს წინასწარ ნუ გააკეთებენ.
„საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით“ - განაცხადა ვალერი ქადაგიშვილმა.
11 აპრილს თბილისში გაიმართა ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა, რომლის ინიციატორი იყო "ლეიბორისტული პარტია."
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანმა ტაქსმა უნდა იმოძრაოს და წელიწადში ორჯერ გაიაროს ტექდათვალიერება. გასულ კვირაში მერია დათანხმდა შეღებვის ნაცვლად ავტომანქანებისთვის თეთრი ფირის გადაკვრას. შეღებვის, ან ფირის გადაკვრისთვის 700-ლარიანი ვაუჩერები გაიცემა.
ტაქსის მძღოლები მოითხოვენ, რომ მოსამზადებელი ვადა 2022 წლამდე გაგრძელდეს.