Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძე: ხელისუფლებას საკუთარი კანონპროექტის გადასინჯვა მოუწევს


"ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს პარლამენტისგან ვითხოვდით, რომ მარტივი პრინციპები ყოფილიყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, მათ ყურს არ უგდებდა პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ვენეციის კომისიამ დასკვნაში დაწერა ყველა ის საკითხი რაც დაყენებული ჰქონდა არასამთავრობო სექტორს" - ასეთია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის პირველი შეფასება ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ის ამბობს: "ახლა ველოდებით პირობის შესრულებას ხელისუფლებისგან, რომელიც გვპირდებოდა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებდა ვენეციის კომისიის დასკვნას. თუ ამ პირობას შეასრულებენ, მათ მოუწევთ დაუბრუნდნენ პირველ განხილვას და პრინციპების დონეზე საკუთარი კანონპროექტი გადასინჯონ. ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება სწორედ პრინციპულ საკითხებს, ესენია: გამოცდების გაუქმება, ფარული კენჭისყრები, მოსამართლეთა შეფასების სისტემის გადახედვა, მოსამართლეთა ნომინირების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა, რაც მთავარია ინტერესთა კონფლიქტი, ანუ საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თავადაც იქნებიან კანდიდატები, არ უნდა ჰქონდეთ ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება".

ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ის შეეხება კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ.

XS
SM
MD
LG