Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება შემთხვევით აალებას მიიჩნევს პარიზის ნოტრ-დამში ხანძრის გამომწვევ მიზეზად


2019 წლის 16 აპრილი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ
2019 წლის 16 აპრილი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ

გამომძიებლები, რომლებიც მუშაობენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რაიმე მინიშნებას იმაზე, რომ ხანძარი განზრახ მოქმედების შედეგი გახდა. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა პარიზის პროკურორმა რემი ეიცმა.

პროკურორის თქმით, ხანძრის ყველაზე სავარაუდო მიზეზია შემთხვევით აალება.

პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ გამომძიებლებს ჯერ სათანადოდ არ შეუმოწმებიათ ტაძარი და ამის გაკეთებას შეძლებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები შეისწავლიან დაზიანებულ კონსტრუქციას და გამორიცხავენ მისი ჩანგრევის საფრთხეს.

ცნობილია, რომ ნოტრ-დამში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. პოლიციამ სამშაბათს დაიწყო სამუშაოებში მონაწილე პირების დაკითხვა.

ხანძარი, რომელიც 15 აპრილის საღამოს გაჩნდა, მომდევნო დღის დილამდე ვერ ჩააქრეს. შენობის შემოწმება, სავარაუდოდ კიდევ ორი დღე გასტანს. სპეციალისტებმა უკვე მიაგნეს ორ ადგილს, რომელსაც დამატებით გამაგრება ესაჭიროება.

ხანძრის შედეგად ჩაინგრა ტაძრის შპილი და გადახურვის დიდი ნაწილი, დაიწვა ხის კარკასის მნიშვნელოვანი ნაწილი.

გადარჩა ნოტრ-დამის კოშკები და, დიდწილად, ვიტრეჟებიც, თუმცა ჯერ არ არის დადგენილი მათთვის მიყენებული ზარალი. გადარჩა ორგანიც, ისევე როგორც ტაძარში დაცული მთავარი რელიქვიები.

XS
SM
MD
LG