საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე გააცნობს მოსაზრებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.
ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 17 აპრილს დაიწყო.
განხილვა დღეს 18 აპრილს გაგრძელდება, კენჭისყრა კი მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც თავის მოსაზრებებს კანონპროექტის ხარვეზებთან დაკავშირებით სახალხო დამცველიც გამოთქვამს.
„ჩვენი კანონპროექტის წარდგენის შემდგომ მოვუსმენთ სახალხო დამცველს, ეს პირობა დაცულია, რომ ჩვენ მოვისმენთ სახალხო დამცველს და შემდეგომ დღეებში ჩატარდება კენჭისყრა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის სხდომა 12 საათზე დაიწყება.