Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში არჩევნების მეორე ტურია, პოროშენკო რთული გამოცდის წინაშეა


უკრაინაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბედი. 21 აპრილამდე ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ პოროშენკოს მეტოქეს, 41 წლის კომიკოს მსახიობს, ვლადიმირ ზელენსკის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს პოროშენკოსთან შედარებით.

18 აპრილს გავრცელებული გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა ჯგუფმა "რეიტინგი", ამომრჩევლის 57,9 პროცენტი ამბობდა, რომ მეორე ტურში აუცილებლად ზელენსკის დაუჭერდა მხარს, პოროშენკოს მომხრე კი 21.7 პროცენტი იყო.

ზელენსკიმ თავისი კამპანია ძირითადად სოციალური მედიით წარმართა და დიდწილად თავს არიდებდა პოლიტიკურ საკითხებზე არსობრივ დისკუსიებს. მისი რეიტინგის ზრდას ხელი შეუწყო უკრაინის ეკონომიკის პრობლემებმა, ენდემურმა კორუფციამ და დაღლილობამ ქვეყნის აღმოსავლეთში ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო კიევის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

"მე პოლიტიკოსი არ ვარ" - განაცხადა ზელენსკიმ 19 აპრილს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული დებატების დროს ორ კანიდატს შორის და დასძინა - "მე ვარ რიგითი ადამიანი, რომელიც მოვიდა სისტემის დასანგრევად".

თავის მხრივ, 53 წლის პოროშენკო შეეცადა ხაზი გაესვა ზელენსკის გამოუცდელობისთვის - განაცხადა, რომ ის ვერ შესძლებს გაუმკლავდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. "სახელმწიფოს სუსტი მეთაური იქნებით" - უთხრა პოროშენკომ ზელენსკის 19 აპრილის დებატებზე - "ვერ შეძლებთ თავი დაიცვათ პუტინის დარტყმებისგან. არ ვფიქრობ, რომ [ზელენსკი] უკრაინის დანებებაზე, ან უკრაინის რუსეთის იმპერიაში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ პუტინს აქვს ასეთი ოცნებები".

31 მარტს გამართული პირველი ტური ზელენსკიმ ხმათა 30 პროცენტით მოიგო. პოროშენკო მეორე ადგილზე გავიდა, 16 პროცენტით.

XS
SM
MD
LG