აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის მიულოცა გამარჯვება, ხოლო უკრაინელ ხალხს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები.
ვოლკერი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია აგრესიის წინააღმდეგ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ამერიკელმა დიპლომატმა შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, პეტრო პოროშენკოს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ურთულეს დროს ქვეყნის ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის ნების მიღებისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაა ძლიერი უკრაინული დემოკრატია.
ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგმა უკრაინას უწოდა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდებიან თანამშრომლობის გაგრძელებას.
ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტებმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა.