გამოცემა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ლონდონში რუსების კუთვნილი ყველაზე ძვირადღირებული სახლების სია.
სიაში სულ 29 ობიექტია. „ფორბსის“ თანახმად, მათგან ყველაზე ძვირი ეკუთვნის ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორსა და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს. კენსინგტონ-პელას გარდენსის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლი შეფასებულია 170 მლნ გირვანქა სტერლინგად. აბრამოვიჩმა ის 2011 წელს შეიძინა.
აბრამოვიჩს ეკუთვნის კიდევ ერთი ობიექტი „ფორბსის“ უძრავი ქონების სიაში: 30 მლნ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინები ლოტს როდის ქუჩაზე.
სიაში მეორე ადგილზეა მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სასახლე, რომელიც, „ფორბსის“ თანახმად, 150 მლნ გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ითვლება ბრიტანეთში სიდიდით მეორე კერძო სახლად ბუკინგემის სასახლის შემდეგ.
ადრე სახლი ეკუთვნოდა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინას, ახლა კი ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილ წევრს მურმანსკის ოლქიდან, კომპანია „ფოსაგროს“ მფლობელ ანდრეი გურევს.
ლონდონში რუსების კუთვნილი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების სამეულში შედის აგრეთვე 80 ჰექტარზე გადაშლილი მამული ბერკშირში.
მისი მფლობელია მოსკოვის ბანკის ყოფილი უფროსი, ანდრეი ბოროდინი, რომელზეც რუსეთს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. ეს ობიექტიც 150 მილიონი გირავანქა სტერლინგი ღირს.