Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: საქართველო ყოველთვის იქნება რიჩარდ ლუგარის მადლიერი


რიჩარდ ლუგარი(2011 წლის ფოტო)
რიჩარდ ლუგარი(2011 წლის ფოტო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო.

მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე დაწერა, რომ მსოფლიომ დაკარგა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ სენატორი რიჩარდ ლუგარი იყო საქართველოს დიდი მეგობარი და მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება ადამიანად, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა.

მამუკა ბახტაძე წერს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება რიჩარდ ლუგარის მადლიერი.

აშშ-ის სენატის ყოფილი წევრი, რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი 27 აპრილს, ვირჯინიაში გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო.

1985-1987 და 2003-2007 წლებში ლუგარს ეკავა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

მან სახელი გაითქვა "ნან-ლუგარის პროგრამის" თანაავტორობით. პროგრამა ითვალისწინებდა რუსეთის დახმარებას მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის სანაცვლოდ.

1991 წლიდან, ამ პროგრამის ფარგლებში რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში განადგურდა 2300 რაკეტა და დაკონსერვდა 24 ობიექტი, სადაც ბირთვული იარაღი ინახებოდა.

რიჩარდ ლუგარი მტკიცედ უჭერდა მხარს ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს და მათი უსაფრთხოების გაძლიერებას.

თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობისაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც პენტაგონის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და 2013 წლიდან მთლიანად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG