Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ფიგურანტებმა პასუხი საერთაშორისო სამართლით უნდა აგონ


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას.

„20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროსაბჭოში გაწევრიანების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე გამოსვლისას.

ბახტაძის თქმით, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულებები და პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევად, დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას, განახორციელებდა სასამართლო რეფორმას, იბრძოლებდა კორუფციის, წამების და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ, უზრუნველყოფდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით და ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„მათი აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ ქართველი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო თავისუფლების, დემოკრატიის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია. ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან“ - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოწვევებით სავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღეს საქართველო ევროპასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ქვეყნის წინსვლა შეაჩერონ.

პრემიერ-მინისტრმა ყველაზე მტკივნეული გამოწვევა უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ბახტაძემ თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმწვავესი ჰუმანიტარული კატასტროფაა, ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით იქ ხუთჯერაა შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა, ყოველდღე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხდება ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის დისკრიმინაცია და გრძელდება გატაცება, არაადამიანური მოპყრობა, წამება და მკვლელობა.

„სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტარგედია, როცა გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია. ამ და სხვა სასტიკი დანაშაულის საფუძველზე შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც ჩაიწერა დანაშაულის ჩამდენი პირების გვარები. ევროსაბჭოს მთავარი ღირებულებაა ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მან ქართული სახელმწიფოს მთავარ საზრუნავად და ამოცანად დაასახელა დეოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

„საქართველოს ოკუპაციას ჩვენ არასდროს შევეგუებით და დარწმუნებული ვარ, არასდროს შეეგუება საერთაშორისო თანამეგობრობა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უსამართლობაზე საქართველოს პასუხია მხოლოდ მშვიდობა და განვითარება და ამას ემსახურება მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე და კომერციულ საქმიანობაზე.

XS
SM
MD
LG