Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს არ აქვს საქართველოზე ვეტო და არც არასოდეს ექნება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ინსტრუმენტად დიპლომატიას ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ იქნება.

„ამერიკის ხმამ“ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა იმ პირობებში, როცა რუსეთი საქართველოს 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს, როგორც ხედავს რუსეთთან ურთიერთობას და აპირებს თუ არა დიალოგს?

„თეორიულად, როცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა აცხადებს, რომ არანაირ ძალას არ გამოიყენებს, სამხედრო ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად, ცხადია, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩება და ეს დიპლომატიაა. ამ ეტაპზე სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა სხვა ფორმით იურთიერთოს“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველო მთლიანად ეყრდნობა პარტნიორებს, რათა რუსეთთან ორმხრივი შეხვედრების დროს შეახსენონ, თხოვონ და მოთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა.

„ამიტომაც ვსაუბრობ ჟენევის ფორმატზე და ამას ვაკეთებთ ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია დღეს არ შეიცვლება, მაგრამ ერთ დღეს ამან შედეგი შეიძლება გამოიღოს. ასე რომ, ჩვენ არც რუსეთს და არც ჩვენს პარტნიორებს საშუალება არ უნდა მივცეთ დაივიწყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთის ოკუპაცია, ადამიანების გატაცებები და ჰუმანიტარული ზეწოლა მოსახლეობაზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს რუსეთისთვის გამარჯვება არ არის, რადგან საქართველო აგრძელებს ევორკავშირისა და ნატოსკენ სვლას.

„ვფიქრობ, რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის. რუსეთს არ აქვს საქართველოზე ვეტო და არც არასოდეს ექნება” - უთხრა „ამერიკის ხმას“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG