Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი საპროტესტო აქციებს განაახლებს


გიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან გამართავს აქციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც. აქცია იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.

დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოსთან კარავი ჯერ კიდევ 4 თებერვალს გაშალა, თუმცა, ბოლო ხანს, პროტესტს საჯაროდ აღარ გამოთქვამდა.

ოჯახმა აქციების განახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააღდგომოდ შეწყალებულ პატიმრებს შორის.

დეკანოზის შეწყალების თხოვნით ოჯახს სალომე ზურაბიშვილისთვის არ მიუმართავს. 26 აპრილს, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამის საჭიროება აღარ არსებობდა, რადგან მანამდე ოჯახმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

ადვოკატის განცხადებითვე, ოჯახს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ პრეზიდენტს მიმართავდნენ და დეკანოზი აღდგომის დღესასწაულამდე გათავისუფლდებოდა.

ოჯახი აცხადებს, რომ გიორგი მამალაძეს დანაშაული არ ჩაუდენია, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG