ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხზე, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგში 2 მაისს გამართულ სხდომაზე მხარდაჭერილი დოკუმენტი ადასტურებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ აფერხებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს, ხელყოფს რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას და აგრძელებს სამხედრო ძალით ყოფნას საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, სადაც აძლიერებს სამხედრო წვრთნებს და ინფრასტრუქტურას და აფორმებს ე.წ. მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებებს.
დოკუმენტში საუბარია რუსეთის არმიის შემადგენლობაში ცხინვალის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებაზე, აფხაზეთში ე.წ. ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნაზე, ე.წ. საბჟო პუნქტების ფუნქციონირებაზე და საქართველოს რეგიონების სტატუსის უკანონოდ შეცვლის მცდელობებზე, მათ შორის რუსული პასპორტების გაცემით.
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საქართველოს რეგიონებიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.
დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ მუდმივი მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების, ღობეების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, რაც ერთმანეთისგან ყოფს ოჯახებს და თემებს, არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას.
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევის გამო.
დოკუმენტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციის გაძლიერების გამო, განსაკუთრებით გალის და ახალგორის რაიონებში.
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს, რომ დევნილებს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება და ადმინისტრაციულ საზღვართან გრძელდება ადგილობრივ მცხოვრებთა დაკავება.
დოკუმენტის მე-11 პუნქტში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული დაუსჯელობის გამო, რაც უკავშირდება დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს და შეშფოთებაა გამოხატული ირაკლი კვარაცხელიას თვითნებურად დაკავების და დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვალების გამო.
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ცნობად იღებს, რომ 2018 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია," რომელიც ითვალისწინებს ზომების მიღებას გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოითხოვს, რომ გამოძიება შეუფერხებლად წარიმართოს და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას პირობები ყველა დევნილის დასაბრუნებლად, შეწყდეს ეთნიკური დისკრიმინაცია, ადამიანების თვითნებურად დაკავება, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა.