Accessibility links

site logo site logo

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის წევრს ადანაშაულებს აქტივისტ ქალზე ძალადობაში


ასმათ დიასამიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტზე, ხათუნა ბერიძეზე ძალადობაში ადანაშაულებს საქართველოს პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან,“ ხულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს.

8 მაისს, ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მორაობის“ წევრმა, ასმათ დიასამიძემ განაცხადა, რომ 7 მაისს საღამოს, ხულოს მერობის კანდიდატის, ირაკლი ჯორბენაძის საარჩევნო შტაბის წევრს, ხათუნა ბერიძეს ანზორ ბოლქვაძე სასტუმრო „ხულოს“ ოთახში „შეუვარდა“ და მოთხოვა ნომრის დაცლა და სასტუმროდან წასვლა. დიასამიძის ინფორმაციით, ბოლქვაძე აცხადებდა, რომ სასტუმროს მფლობელია.

ასმათ დიასამიძის თქმით, ანზორ ბოლქვაძესთან ერთად იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ხულოს კულტურის ცენტრის უფროსის მოადგილე რაინდი დეკანაძე, ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია და „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ასლან შაინიძე. დიასამიძის ცნობითვე, ეს პირები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ასმათ დიასამიძის განცხადებით, ანზორ ბოლქვაძემ ხათუნა ბერიძეს არაერთხელ მოთხოვა მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს დატოვება. დიასამიძის თქმით, ოფიციალური დოკუმენტებით ბოლქვაძე არ არის ამ სასტუმროს მფლობელი.

„ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ ქალზე ზემოქმედების და ძალადობის ფაქტი და მოითხოვს, რომ დაისაჯოს ინციდენტის ყველა მონაწილე და დაისვას ბოლქვაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ასმათ დიასამიძის შეფასებით, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნასაც. მისი თქმით, მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, შეაფასონ ქალზე ძალადობის და განსხვავებული აზრისთვის დევნის ფაქტი.

7 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა სასტუმრო „ხულოში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, ბოლქვაძე ბერიძისგან მოითხოვს მისი სასტუმროს დატოვებას.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ 8 მაისს განაცხადა, რომ სასტუმრო მისი საკუთრება არ არის.

ბოლქვაძის მტკიცებით, მისი მოთხოვნა უკავშირდებოდა ვიდეორგოლებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა ჯგუფი პერიოდულად ამზადებს პირადად მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციის და ზეწოლის მიზნით.

პარლამენტის დეპუტატი უარყოფს, რომ ხათუნა ბერიძეს პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდა და აცხადებს, რომ ოპოზიციის აქტივისტი დღესაც სასტუმროში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG