Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე მოიწამლა


რუსთავი
რუსთავი

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე მოიწამლა 10 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ამავე სკოლის კაფეტერიაში საკვების მიღების შემდეგ. 16-ვე მოწამლულმა ლობიანი ღვეზელი ჭამა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსწავლეებმა მცირე ინტოქსიკაცია მიიღეს:

„მსუბუქი თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ. ზოგს იქვე, სკოლაში, მინერალური წყალი, ზოგს კი სხვა დახმარება აღმოუჩინეს. სტაციონარში გადაყვანა არავის დასჭირდა “.

დავით ბეგაშვილის თქმით, სკოლის კაფეტერიას საკვები პროდუქტით ერთ-ერთი ინდმეწარმე ამარაგებს, რომელსაც საცხობი რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში აქვს გახსნილი.

„ინდმეწარმემ პროდუქტები დღეს მე-5 სკოლაშიც შეიტანა, მაგრამ იქ არავინ მოწამლულა“, თქვა დავით ბეგაშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ყველა მოსწავლე კონტროლზე ჰყავს აყვანილი და მათ ჯანმრთელობას აკვირდებიან.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ქვემო ქართლის ფილიალის უფროსმა მირანგული ლიპარტელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკვე ამოიღეს ყველა პროდუქტი, რომელიც ინდმეწარმემ მე-15 და მე-5 საჯარო სკოლებში შეიტანა.

სურსათის უვნებლობის სააგენტომ პროდუქტის გამოკვლევა დაიწყო, ასევე სწავლობს მე-5 საჯარო სკოლის ერთ-ერთ ფლიგელში გახსნილი საცხობის სამუშაო გარემოს.

XS
SM
MD
LG