სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შემოტანა და გასაღება.
საქართველოს კანონმდებლობით, მსგავსი დანაშაული ისჯება 5-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა, ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.“
შსს-ს ცნობითვე, დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე, თბილისში 10 სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიდევ ერთი პირია დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. ის თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას. დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
შსს-ს ცნობითვე,განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ თბილისის შემოვლით გზაზე დააკავა ერთი პირი, რომლის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.