Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ აშშ 120 000 სამხედროს გაგზავნას გეგმავს ირანის საფრთხის მოსაგერიებლად


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ყალბი ამბავი" უწოდა ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ ცნობას იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი განიხილავს 120 000-მდე სამხედროს გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან აშშ-ის ძალებზე შეტევის, ან ბირთვულ იარაღზე მუშაობის გაძლიერების შესაძლებლობების პასუხად.

"ჩემი აზრით, ეს ფეიკ ნიუსია, გასაგებია? ვიზამდი თუ არა ამას? კი, ნამდვილად ვიზამდი. მაგრამ ეს არ დაგვიგეგმავს" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 14 მაისს თეთრი სახლის ეზოში და დასძინა: " იმედია, ამის დაგეგვმა არც გახდება საჭირო. მაგრამ თუ ასე მოხდა, ჩვენ ამაზე გაცილებით მეტ სამხედროს გავგზავნიდით".

ანონიმურად დატოვებულ ადმინისტრაციის მუშაკებზე დაყრდნობით, ნიუ-იორკ ტაიმსმა 13 მაისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა ეს გეგმა წარადგინა გასულ კვირაში, უსაფრთხოების სფეროში ტრამპის წამყვანი თანაშემწეების შეხვედრაზე. გამოცემის თანახმად, განხილულ იქნა რამდენიმე გეგმა და "მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ითვალისწინებს 120 000 სამხედროს დილოცირებას, რასაც კვირები ან თვეები დასჭირდება". ამავე ცნობების თანახმად, გეგმა არ ითვალისწინებს ირანში სახმელეთო შეჭრას.

ამ ცნობების შესახებ საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 14 მაისს, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, იმედი მაქვს "ეს მხოლოდ უსაფუძვლო ჭორებიაო". ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, თეირანი არ ელტვის აშშ-სთან ომს, დაძაბულობის მატების მიუხედავადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG