„წინ კიდევ ბევრი პროგრესია, რაც უნდა გავიაროთ, რათა დავბრუნდეთ ევროპაში, შევიდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ 30 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის, რომელმაც იქ მიგვიყვანა, სადაც ახლა ვართ. ალბათ, 30 წლის წინ არავინ იფიქრებდა, რომ ლატვია იქნებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, საქართველო კი ასე ახლოს ევროკავშირისა და ნატო-ს ღია კართან. ჩვენი წარსული და არჩეული გზა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით იყო ძალიან წარმატებული, აშკარად პროგრესული. ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელს აღვნიშნავთ. ეს დრო კი ასახული იყო საქართველოს მიერ ევროკავშირთან მიღწეულ ასოცირების ხელშეკრულებაში, ვიზალიბერალიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობაში. წინ კიდევ ბევრი პროგრესია, რაც უნდა გავიაროთ, რომ დავბრუნდეთ ევროპაში, შევიდეთ ევროკაშირსა და ნატო-ში. ჩვენი მეგობრები უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ვიღებთ ძალიან დიდ მხარდაჭერას. დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის ამ ორ ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში დღეს მიმდინარე პროცესებმა არ უნდა გადადოს და შეანელოს საქართველოს პროგრესი.
„ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები ნატო-სთან, რომ ჩვენთვის მისი კარი გაიხსნას. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოებას, კიბერუსაფრთხოებას, მაღალი რანგის ვიზიტებს. ეს არის კონკრეტული გზა, რომელსაც ვაგრძელებთ. ამ მხრივ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა სასიცოცხლოა, რადგან ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, რუსეთი კი აგრესიულ პოლიტიკასა და პროვოკაციებს აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან. რუსეთი აგრძელებს ფიქრს, რომ აგრესიით შეუძლია, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაში შეუშალოს ხელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.