Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის პოლიციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა


ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით - "არა ძალადობას", "შეწყდეს კრიმინალის მფარველობა", "არა კრიმინალს".

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ხაბეიშვილმა, პოლიციის სამმართველოში შესვლა და პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა მოითხოვა, რათა მიეღო დეტალური ინფორმაცია, რა ეტაპზეა წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება.

მისი თქმით, დაკავებულები არ არიან 14 მაისს დადიანების მუზეუმის ეზოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ძმები შელიები, ასევე საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, რომელიც, ლევან ხაბეიშვილის თანახმად, პირდაპირ ამბობდა, რომ ჰქონდა გატაცების და დაშინების უფლებაც არჩევნებზე მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგის მისაღებად.

ლევან ხაბეიშვილს პოლიციის სამმართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. დაცვის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ პასუხისმგებელი პირები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი - გელა კვარაცხელია დააკავეს. ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ.

ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას. დაზარალებულად ამ ეტაპზე ერთი პირი, გაერთიანებული შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ცნეს. ინციდენტთან კავშირს უარყოფს მმართველი პარტიის შტაბი. შტაბის თანახმად, დაკავებული არც კოორდინატორია და არც პარტიის წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG