მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მყინვარწვერის ზუსტი სიმაღლის დასადგენად, ექსპედიცია მთამსვლელისა და გეოგრაფის, გიორგი გოცირიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერისკენ 4 დღის წინ დაიძრა. 27 მაისს ექსპედიციამ მყინვარწვერის ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწია.
როგორც ნიკა ლებანიძე, ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი გახდა მყინვარწვერის რეალური მონაცემების აღება: „ექსპედიციაში მონაწილეობდნენ გეოგრაფები, მთამსვლელები. გაგვიმართლა და კარგი ამინდი დაგვემთხვა. მონაცემები გიორგი გოცირიძემ და გიორგი შენგელიამ აიღეს. ახლა უკვე დაიწყება ამ მონაცემების დამუშავება და საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში გვეცოდინება“.
ამ დრომდე, მყინვარწვერის სიმაღლის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, მისი სიმაღლე 5047 მეტრია. ვულკანური წარმოშობის მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე მდებარეობს.