Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: ჩეხეთს შესაძლოა მილიონობით ევროს დაბრუნება მოუწიოს პრემიერ-მინისტრ ბაბიშის გამო


ევროკომისია ამტკიცებს, რომ ჩეხეთმა უნდა დაუბრუნოს ევროკავშირის ბიუჯეტს 17 მილიონ ევროზე მეტი, რაც დოტაციის სახით თავის დროზე მიიღეს იმ ფირმებმა, რომლებიც ქვეყნის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, ჩეხეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ანდრეი ბაბიშის სახელს უკავშირდება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ევროკავშირის აუდიტორები, რომლებმაც ბაბიში ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულეს. მათი მონაცემებით, ბაბიშს აქვს პირდაპირი გავლენა იმ დოტაციების განაწილებასთან, რასაც ჩეხეთი ევროკავშირისაგან ღებულობს. ამასთან პრემიერ-მინისტრი ბაბიში სატრასტო ფონდების საშუალებით კვლავ აკონტროლებს კონგლომერატ „აგროფერტში“ შემავალ საწარმოებს, რომლებსაც ერგოთ ევროკავშირიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი.

აუდიტორები ასკვნიან, რომ ანდრეი ბაბიში ღებულობდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ მისივე საწარმოების ფინანსურ კეთილდღეობასთან.

დოკუმენტი სრული სახით ჩეხურმა გამოცემა „ჰოსპოდარჟსკე ნოვინიმ“ გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაზე ევროკომისიას კომენტარი არ გაუკეთებია. თავად ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ფულის უკან დაბრუნებისათვის და ოპონენტებს სიცრუეში დებს ბრალს.

ჩეხეთში რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის გადაყენების მოთხოვნით. ბოლოს მას დაემატა აქციები ქვეყნის იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრმა შესაძლოა დახუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბაბიშის წინააღმდეგ არის აღძრული.

პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად ოპოზიციას პარლამენტში ხმები არ ჰყოფნის, უნდობლობის ვოტუმზე საკითხის დაყენებისათვის. ამასთან პრემიერ-მინისტრ ბაბიშის პარტია „ანო“ ევროპარლამენტის განვლილ არჩევნებში პირველი ადგილზე გავიდა. თუმცა, ჯამში უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ქვეყნის წინა საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG