Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხის პასუხი - გიგა ჩხარტიშვილმა ნათია ზოიძეს ღია წერილითვე უპასუხა


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ღია წერილს და მას ღია წერილითვე პასუხობს.

ჩხარტიშვილი წერს, რომ ზოიძის განცხადებაში ბევრი ლოგიკური წინააღმდეგობაა, მსჯელობა კი მხოლოდ ვარაუდებს და კონკურსის შედეგებით გამოწვეულ ემოციებს ეფუძნება.

„გაურკვეველია, თუ პროცესი მართული იყო, მაშინ რატომ მიიღო მონაწილეობა ქალბატონმა ნათიამ მასში ან რატომ არის ნათიას წარუმატებლობა კონკურსში ლაკმუსის ქაღალდი პროცესისთვის. საინტერესოა, რატომ გახდა პროცესი დისკრედიტირებული მხოლოდ ახლა, როდესაც ყველა კონკურსანტისთვის არასასურველი შედეგი დადგა. ვფიქრობ, რომ სხვა კონკურსანტებსაც ძალიან კარგი კონცეფციები და ხედვები ჰქონდათ, საკმაოდ წარმატებით და დამაჯერებლად მოახერხეს საკუთარი თავის წარმოჩენა, შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, რომ ნათია ზოიძის ხედვა იყო მკვეთრად გამორჩეული, დიდი უსამართლობა იქნება სხვა კანდიდატების მიმართ“, - წერს გიგა ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილის განცხადებით, ნათია ზოიძეს ინფორმაცია „ვიღაც პირების მიგზავნის“ თაობაზე, კონკურსის ჩაშლამდე უნდა ეცნობებინა. პოსტ- ფაქტუმ მსგავსი განცხადებების გაკეთება, მისი შეფასებით, მხოლოდ კონკურსის დისკრედიტაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

„ქალბატონი ნათია პროცესს აფასებს როგორც „ფარსს“, საინტერესოა ასეთ შეფასებას თუ დაიმსახურებდა კონკურსი, თუკი ის თავად მოიპოვებდა მრჩეველთა საბჭოს ნდობას. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება იმ მენეჯერისგან, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებია დამოკიდებული და რომელზეც დელეგირებულია დირექტორის სრული პასუხისმგებლობა. ასეთი ტიპის შეფასებითი საუბარი, თან ყოველგვარი დასაბუთების, არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე, აზიანებს მაუწყებელთან დაკავშირებულ ყველა პროცესს, არყევს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისადმი არსებულ მიუკერძოებლობის და ობიექტურობის იმიჯს“, - წერს ჩხარტიშვილი.

ნათია ზოიძეს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის კონკურსში იღებდა მონაწილეობას, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მხარი მხოლოდ ერთმა დაუჭირა. დანარჩენი ხმები კი სხვა 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. შედეგად, ახალი დირექტორი ვერ გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG