4 ივნისს ჩინეთმა გააძლიერა უსაფრთხოების ზომები პეკინის ცენტრში მდებარე ტიანანმენის მოედანზე, რადგან ამ დღეს შესრულდა აქ განხორციელებული, დემოკრატიის საწინააღმდეგო სისხლიანი რეპრესიების 30-ე წლისთავი. როგორც ვარაუდობენ, მაშინ დემოკრატიული მოძრაობის მთავრობის ძალების მიერ ჩახშობას შეეწირა ასეულობით და შესაძლოა რამდენიმე ათასი ადამიანი.
ტიანანმენის მოედანზე 30 წლის წინ მომხდარ სისხლიან პროცესებზე ჩინეთში ღიად არ ლაპარაკობენ, ამ დღეს ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად არ აღნიშნავს.
ვრცელდება ცნობები, რომ ჩინეთის მოქალაქეებს აპატიმრებენ და ემუქრებიან. მოედნამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია, მახლობელ მეტროს სადგურზე პოლიცია დოკუმენტებს უმოწმებს ტურისტებსა და მგზავრებს. უცხოელ ჟურნალისტებს მოედანზე არ უშვებენ, მათ პოლიცია აფრთხილებს არ გადაიღონ ფოტოები.
ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს პრესმდივანმა, რავინა შამდასანიმ 4 ივნისს განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია ჩინეთში მოქალაქეების დაპატიმრების ან მათ მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. შამადასანიმ ასევე აღნიშნა, რომ მიიღო ცნობები "ცენზურის გაძლიერების" თაობაზე, ტრაგედიის 30-ე წლისთავის ხსენებასთან მიმართებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთს მოუწოდა "სრულად და საჯაროდ აღრიცხოს მოკლული ან დაკარგული ადამიანები, რათა შვება მოუტანოს ისტორიის ამ ბნელი თავის ბევრ მსხვერპლს".
1989 წლის გაზაფხულზე ჩინეთში დემოკრატიული ცვლილებებისა და კორუფციის აღმოფხვრის მოთხოვნით სტუდენტებისა და მუშების დაწყებული აქცია მთელ ქვეყანას მოედო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას მალე მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სტუდენტები, მუშები. საპროტესტო მოძრაობის ფრონტის ხაზად ტიანანმენის მოედანი იქცა. აქციის მონაწილეებმა კარვების ქალაქი გაშალეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებოდნენ.
ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით 4 ივნისს სამხედროებმა ტიანანმენის მოედანზე მიიტანეს იერიში. მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ჯარმა სინათლე გამორთო და უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა. ტანკები სწორედ ამ დროს დაიძრა მოედნისკენ და დაიწყო მომიტინგეთა დაშლა. ჯერაც უცნობია სამხედრო ძალის გამოყენებით დაღუპულ დემონსტრანტთა ზუსტი რიცხვი, გავრცელებული ვარაუდით, მათი რაოდენობა ასეულებს და შესაძლოა რამდენიმე ათასსაც აღწევს.