Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უარს ამბობს მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 5-პროცენტიანი გადასახადის შემოღებაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ უარს ამბობს მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 5-პროცენტიანი გადასახადის შემოღებაზე.

ტრამპის ადმინისტრაცია ორშაბათიდან გეგმავდა ამ გადასახადის შემოღებას მექსიკის ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ შეაჩეროს ცენტრალური ამერიკიდან იმ მიგრანტების ნაკადი, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვრებისკენ მიემართებიან. ტრამპმა ამის შესახებ ტვიტერში დაწერა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მექსიკის მთავრობამ პასუხისმგებლობა იკისრა, ეროვნული გვარდია განალაგოს მექსიკის სამხრეთ საზღვარზე და ქვეყნის სხვა ნაწილებში, გააძლიეროს იმ ორგანიზაციებთან ბრძოლა, რომლებიც აშშ-ის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურ გადაყვანას ახორციელებენ, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ამ სფეროში აშშ-ის ხელისუფლებასთან.

ცნობას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს, საბაჟო გადასახადები შემოიღოს, რათა მექსიკა აიძულოს, შეაჩეროს მიგრანტები, შეერთებულ შტატებში ძირითადად კრიტიკულად შეხვდნენ. პრეზიდენტის ოპონენტებს შორის ბევრი იყო რესპუბლიკელი კანონმდებელი, რომლებიც შიშობენ, რომ საქონლის გაძვირება მექსიკიდან, აშშ-ის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან, აშშ-ში საქონლის ფასების ზრდასაც გამოიწვევს. ბევრი კანონმდებელი შეშფოთებულია პრეზიდენტის მზადყოფნის გამო, სავაჭრო ურთიერთობები გამოიყენოს საგარეო-პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. კონგრესმენები აპირებდნენ მიეღოთ კანონი, რომელიც ხელს შეუშლიდა მექსიკისთვის გადასახადების დაწესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG