Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემის საკითხი სამუშაო ჯგუფის ფორმატით არ განიხილება


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე.

13 ივნისს გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები განიხილეს.

„არის 27 რეკომენდაცია და ძირითადად, ჩვენი სამუშაო პროცესი იქნება აგებული ამ რეკომენდაციებზე. გვექნება მსჯელობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. მიუხედავად იმისა, რომ თემა არის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ბევრია სუბიექტური ინტერესი, შესაძლებელია ისეთი რეგულაციების ჩამოყალიბება, რომელზეც შეჯერდება პოლიტიკური პოზიციები. შევხედოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“ - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, ეუთოს რეკომენდაციები ეხება საარჩევნოდ პარტიების დაფინანსებას და გამჭვირვალობას, უფასო საეთერო დროის განაწილებას, ე.წ. სიჩუმის დღეს და რადიუსს საარჩევნო უბნების გარშემო.

„თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი 24 ივნისამდე ელოდება წინადადებებს თითოეული მონაწილე სუბიექტის მხრიდან და ამის შემდეგ მომზადდება პირველადი კანონპროექტი, რომლის გარშემო მსჯელობა დაიწყება ივლისის პირველ ნახევარში.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ პირველი სხდომის დატოვებას და განცხადებებს, რომ ყველა საკითხი მეორეხარისხოვანია გარდა, 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხი, განიხილება არა სამუშაო ჯგუფის, არამედ საპარლამენტო ფორმატში, როცა დაიწყება მსჯელობა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია კრიზისის მდგომარეობაშია და ამ კრიზისის დასაძლევად სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა.

„ორჯერ შესთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კოალიციამ და შემდეგ პარტიამ ოპოზიციას 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედება. მათ გააკეთეს არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ 2020 წელს არ ამოქმედდება და ჩვენ მოგვიწია საპარლამენტო უმრავლესობის რეჟიმში კონსენსუსის მიღწევა და მივაღწიეთ სწორედ ორსაფეხურიან რეფორმასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, თავის დროზე საპარლამენტო ოპოზიციამ "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან საბაბი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ საკონსტიტიციო რეფორმისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამ რეფორმით ქულები დაეწერა საპარლამენტო უმრავლესობას.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე.

XS
SM
MD
LG