საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს წასვლას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად აფასებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
"ჩვენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ იმიტომ, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ავიწროებს იმ წრეს, საიდანაც გამოჰყავს მინისტრები. ეს არის პირადი ექიმები და ახლა, ახალი მინისტრი კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება, პროფესიით სტომატოლოგი როგორც მე გავიგე. თვითონ სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი და მისი პირადი ექიმი იყო, ახლა როგორც ჩანს, პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავენ. პირადი დაცვა ერთი, პირადი დაცვა ორი, "ქართუს" თანამშრომლები ყველგან“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. მისი შეფასებით, საქართველო გადაიქცა არცთუ გამჭვირვალე შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის მომსახურე პერსონალს ნიშნავს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს.
„პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი და მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება როტაცია მთავრობაში“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ამჯერად ივანიშვილი პირად ექიმს ცვლის პირადი სტომატოლოგით. „რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პირადი ლოიალობა და ვიწრო პირადი ინტერესები - ასე მოქმედებენ და ამიტომ არის ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისში“ - უთხრა ჟურნალისტებს ბოკუჩავამ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, დღემდე განხორციელებულმა ყველა საკადრო ცვლილებამ აჩვენა, რომ მთავრობის წევრებს არ ათავისუფლებენ კონკრეტული პროგრამული, თუ პროფესიული ხარვეზების გამო. სამნიძის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს პირადად ივანიშვილი იღებს და მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში მყოფთ ენდობა, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.
„გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო. ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით, თუ სწორია ვერსია, რომ სურთ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ჭორების ფონზე.
„ოცნების მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, უსაზღვროა. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი „ოცნების“ ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას" - უთხრა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკოს შეცვლის საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე.